დნიპროში ოკუპანტების მიერ კორპუსის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, მაშველებმა, რომლებიც 40 საათზე მეტია, ადგილზე მუშაობენ, ღამით ნანგრევებიდან დამატებით რამდენიმე ცხედარი გამოიყვანეს.
"ბოლო მონაცემებით, მტრის შეტევამ 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათგან 2 ბავშვია. 39 ადამიანი გადავარჩინეთ, დაშავებულია 79 მოქალაქე. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კორპუსში მცხოვრები 35 ადამიანის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება". - თქვა მან.
რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს.





