მიხეილ სააკაშვილი

სახ. დეპი სააკაშვილზე: ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან.   

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს აშშ უკრაინის მთავრობის მოწოდებას, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის უკრაინაში. 

"საკითხზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვისაუბრეთ. ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას". - თქვა მან.  

ადვოკატები და ოჯახის წევრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ განაგრძოს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოწამვლის შედეგია. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე 9 იანვარს დაიკითხა ამერიკელი ნევროპათოლოგი, შაჰინ ლაჰანი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები მისთვის სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აგრეთვე, მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

კომენტარები