Human Rights Watch-ის ანგარიში

სამართალდამცავთა დანაშაულების არასათანადო გამოძიება, მედია, 5 ივლისი – Human Rights Watch-ის ანგარიში

ტაბულა

საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. ორგანიზაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებას, უკანონო თვალთვალს, შრომის უსამართლო პირობებს, ძალადობას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანების წინააღმდეგაც.  

Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობას შორის უმეტესობა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო.

ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, მათ შორის, სიცხვილიას ლიდერ გიორგი მჟავანაძეზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობასა და სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების სხვა შემთხვევებზე. Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფარული მიყურადების შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ გაუარესებულ კანონმდებლობაზე.

მედიის თავისუფლება

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ 2022 წელს გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები.

"მარტში მთავარი არხის რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ივნისში TV პირველის ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა TV პირველის დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს. მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში "უხეშ ჩარევაში", განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა". – ნათქვამია ანგარიშში.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

Human Rights Watch-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.

"2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითიც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა". – ნათქვამია ანგარიშში.

ქალთა უფლებები

ორგანიზაცია ეყრდნობა პროკურატურის მონაცემებს და წერს, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა.

"ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშინებას". – წერს Human Rights Watch-ი

კომენტარები