Human Rights Watch-ის ანგარიში

პოლიტიკური დაძაბულობა და ხანგრძლივი პროტესტი - 2019 წელი Human Rights Watch-ის ანგარიშში

ტაბულა

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch საქართველოში 2019 წელი შეაფასა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ისეთი საკითხები მოხვდა, როგორებიცაა: სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე, შრომითი უფლებები, მედიის თავისუფლება, ანტინარკოტიკული პოლიტიკა, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა და საერთაშორისო აქტორები. 

ანგარიშის მიხედვით, "სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება". ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად 2018 წელს შეიქმნა და რომელმაც ფუნქციონირება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. 

Human Rights Watch დაეყრდნო სახალხო დამცველის ანგარიშებს, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. 

"სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა,"- წერია ანგარიშში. 

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 20 ივნისის აქცია "მეტწილად არაძალადობრივი იყო", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა "არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა". ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აქციის დაშლა "წინასწარი გაფრთხილების გარეშე" მოხდა. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია აქციის დარბევის შედეგად რამდენი ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და ის ფაქტი, რომ 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა. HRW-ის განცხადებით, "ხელისუფლება პასუხისმგებლობას ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა", რაც მათივე განცხადებით, იმაში გამოიხატებოდა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე გამოძიება მხოლოდ სამი სამართალდამცველის მიმართ დაიწყო და სამივე მათგანი დღეს გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულია პატიმრობიდან, ეს იმ ფონზე, როდესაც ორგანიზაციის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე ასზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რომელთაგან 15 კვლავ პატიმრობაში რჩება. 

ანგარიშში ასევე საუბარია შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ორგანიზაციას პროფკავშირების გაერთიანების მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე სამუშაოს შესრულების დროს 36 ადამიანი დაიღუპა, 107 კი დაშავდა. 

"საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე,"- წერია ანგარიშში. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ შრომითი კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ კანონმდებლობა უკვე შეიმუშავა მმართველმა გუნდმა, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ არ იყო ინიცირებული საკანონმდებლო ორგანოში. 

შემდეგი საკითხი, რომელსაც ორგანიზაცია ეხება მედია და მედიის თავისუფლებაა. ანგარიშში დეტალურადაა განხილული რუსთავი 2-ის ირგვლივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის არხის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმება, რაც "ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად". 

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ხალვაშმა ტელევიზიის დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც მიუხედავად დაპირებისა, რომ არ ჩაერეოდა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები გაათავისუფლა. 

მედიაზე საუბრის ნაწილში ორგანიზაცია ასევე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა, და TV პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ დაწყებულ გამოძიებებზე საუბრობს. ორგანიზაცია ეყრდნობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ეს პროკურატურის მიერ გვარამისა და წერეთლისთვის ბრალის წარდგენა "დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის მცდელობადაა" შეფასებული. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც Human Rights Watch თავის ანგარიშში განიხილავს მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ხელისუფლებამ შეინარჩუნა. 

"ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება,"- წერია ანგარიშში. 

ამასთან აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, კვლავ განუხილავი იყო პარლამენტში ამ ანგარიშის მომზადებისას. 

ანგარიშში ვრცლადაა ასევე საუბარი ლგბტქი+ ადამიანების უფლებებსა და ივლისში დაგეგმილ თბილისი პრაიდზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარანტიების არარსებობის გამო თავდაპირველი გეგმის მიხედვით ვერ შედგა. ანგარიშში ასევე წერია პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, მიერ სადამსჯელო რაზმების შექმნასთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვასაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ეს გამოძიება დღემდე დაუსრულებელია. 

ანგარიშში ასევე წერია ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლის დროსაც ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა და პრორუსულმა ჯგუფებმა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში მისი ჩვენება გააპროტესტეს.

"ამ აქციების დროს ისინი ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეებს აშინებდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს ესხმოდნენ კიდეც. პოლიციამ დააკავა 27 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის ბრალდებებით, ხოლო ერთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება,"- წერია ანგარიშში. 

Human Rights Watch-მა ასევე მიმოიხილა 2019 წელს საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. 

ანგარიშში ასევე მოხვდა აპრილში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის განცხადება, რომელმაც საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ შრომის ინსპექტირების მარეგულირებელი ჩარჩოს არაადეკვატურობის შესახებ შეშფოთება გამოხატა. 

ასევე ნახსენებია გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება მაისში, რომელთაც ხელისუფლებას მოუწოდეს, მიეღოთ ზომები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. 

ანგარიშში მოხვდა ივლისში აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც საელჩო შეშფოთებას გამოთქვამდა TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის "ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან" დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშრის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას ამ საქმის "გამჭვირვალედ" გამოძიებისკენ მოუწოდა. 

"ივნისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა დაგმო მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა თბილისში გამართული დემონსტრაციების დროს. მან მოუწოდა ხელისუფლება, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება ნებისმიერ დროს და სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა ინციდენტი.

ნოემბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში აღნიშნეს „ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუება“ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო და მხარეებს მოუწოდეს, იმუშაონ „მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, მისაღები სამომავლო გზის საპოვნელად.“

მარტის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური  რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაციის თაობაზე და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუშვან უმაღლესი კომისრის ოფისი ამ რეგიონებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. იანვარში, საქართველომ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამაზე თანხმობას განაცხადებს საქართველოს მთავრობა,"- წერია ანგარიშში. 

კომენტარები