მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: სააკაშვილის სიაში შევლენ ღარიბაშვილი, ბრეგაძე, მოსამართლეები, პროკურორები

ლევან ხაბეიშვილი
TV პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათ ე.წ. სააკაშვილის სიაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ხაბეიშვილის განცხადებით, სიაში ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობს.

"სააკაშვილის სიაზე ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში, ცხადია, პირველადი დასკვნის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას გავაცნობთ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ. ამ სიაში იქნებიან მათ შორის, რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა მიიღო. აგრეთვე, იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში არიან ჩართულები, ცხადია, პასუხისმგებლობა ექნებათ. მათ ეს უნდა გაიაზრონ. არავის ვემუქრებით და არ მინდა, ვინმეს დავემუქრო, რომ მის თავს რაღაც მოხდება, მაგრამ, ცხადია, ამ სიაში მოხვდები, როცა უსამართლოდ იქცევი, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას იღებ, როცა ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს შორის შუაში დგები და ამ ყველაფერზე ხელის მომწერი, წარმომადგენელი და გადაწყვეტილების მიმღები ხარ. ამიტომ, ამ ადმაიანებს ის პრობლემები არ უნდა გაუკვირდეთ, რაც მათ წინაშე დადგება". - თქვა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, მაგნიტსკის აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები