საკრუიზო ლაინერი

საკრუიზო ლაინერზე აღმოჩენილი ბიოდაბინძურების გამო ერთი კვირაა, მგზავრები გემს ვერ ტოვებენ

საკრუიზო ლაინერი - The Viking Orion და მისი ასობით მგზავრის გადაადგილება, გემზე აღმოჩენილი ბიოდაბინძურების გამო, ერთი კვირაა შეფერხებულია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

The Viking Orion-ს უარი გაჩერებაზე რამდენიმე პორტმა უთხრა. ბიოდაბინძურების მიზეზი მიკროორგანიზმების, მცენარეების, წყალმცენარეების ან მცირე ზომის ცხოველების დაგროვებაა, რომლებიც ადგილობრივი გარემოსთვის, შესაძლოა, მავნე იყოს. ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეკიპაჟისა და მგზავრების ავსტრალიაში გადმოსხდომამდე გემის კორპუსი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. 

BBC-ის ინტერვიუში The Viking Orion-ის ერთ-ერთი მგზავრი ამბობს:

“მგზავრებს შორის დაძაბულობა და სასოწარკვეთა სულ უფრო და უფრო მატულობს. მათი გადაადგილება 26 დეკემბრიდან მოყოლებული შეზღუდულია. უმეტესობა ცდილობს, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ისიამოვნოს ზღვაში გახანგრძლივებული დროით, მაგრამ ჩვენი ექსკურსიის ოთხი მნიშვნელოვანი ლოკაცია, რომლებსაც ყველაზე მეტად ველოდით, უკვე გამოვტოვეთ”.

ამჟამინდელი განრიგით გემი სიდნეიში 4 იანვარს გაჩერდება. მანამდე მგზავრებს ლოდინი მოუწევთ. The Viking Orion-ის წარმომადგენლები მათთან ზარალის კომპენსაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კომენტარები