მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვივამედის ექიმი: ნევროლოგიური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით კლინიკა ვივამედის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე იკითხება. ექიმის თქმით, ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. 

"ნევროლოგიური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია". - თქვა თამარ აბაშიძემ.

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მას ჰკითხა, იმ მკურნალობამ, რომელიც სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებსა და კლინიკა ვივამედში ჩაუტარდა, ნევროლოგიის კუთხით დადებითი შედეგი გამოიღო თუ არა. 

"დადებით შედეგს ვერც გამოიღებს, თუ ფსიქო-ნეირორეაბილიტაციას არ დავიწყებთ. ამ შემთხვევაში, მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტოზური არ არის. ის აუცილებლად მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასევე რეაბილიტაციურ ნაწილს. ალბათ, თქვენც ნახეთ, რომ ყველა რეკომენდაცია, გასინჯვა და კონსულტაცია იმით მთავრდება ხოლმე, რომ დღის წესრიგში რჩება ნეირორეაბილიტაციის დაწყება. მას რამდენიმე მასაჟი უკეთდება, თუმცა, ის ძალიან მალე იღლება და სრულყოფილი არ არის. თანაც, რეაბილიტაცია მხოლოდ მასაჟი არ არის". - ამბობს ექიმი.

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები