მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ამერიკელი ტოქსიკოლოგი: ვთვლი, რომ სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის დაკითხვა მიმდინარეობს. დევიდ სმიტის თქმით, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.

"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა მეტალით იყო მოწამლული. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. ამ ტიპის მძიმე მეტალები სხეულიდან გარკვეული დროის შემდეგ გამოიდევნება, გამოყოფის პროცესში კი სხვადასხვა ორგანოს წამლავენ. მან თავის ტვინის სერიოზული დაზიანება განიცადა. სააკაშვილს პერიფერიული ნევროპათია აქვს და კუნთების განლევას აქვს ადგილი. მას დაზიანება აქვს საჭმლის მომნებელ სისტემაში, რაც გასტრიტს იწვევს. ეს კი იწვევს კახექსიასა და წონის დაკლებას. მას დაზიანებები აქვს ღვიძლსა და ისეთ სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, როგორებიცაა თირკმელი და გული. მძიმე მეტალებით მოწამვლა, პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს. შესაბამისად, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულია. ის დაინვალიდებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არის. არ შეიძლება, ეს მეტალები რომელიმე სამედიცინო მკურნალობის მეთოდის გამო იყოს ორგანიზმში მოხვედრილი, რადგან ისინი ძალიან ტოქსიკურია. ეს მეტალები ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებენ და მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო. ვვარაუდობ, რომ ამ ტოქსიკური აგენტების დოზა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი კონცეტრაცია ნორმაზე მაღლა აღმოჩნდა. ანუ მას ტოქსიკური კონტრენტაცია ჰქონდა". - ამბობს სმიტი.

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები