მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვოლსკი: ეჭვებს სჭირდება პრეზიდენტის მკაფიო პასუხი და არა გაკაპასებული მოქალაქის

დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილი] ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის [სალომე ზურაბიშვილის] მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი. ბულინგის ავტორთა აზრით, ბულინგმა უნდა განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება. თუ ამაზე გააკეთებს აქცენტს, უკეთესი იქნება.

რაც შეეხება მის განცხადებას რუსულ სოფელზე და იმაზე, თითქოს ქართულ ოცნებას წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაში, ვისაც თავზე გადაუარეს, მათი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა. ეს განაპირობებს, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება უფრო მკაფიო პასუხი, არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქის, ამას სჭირდება პრეზიდენტის პასუხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. 28 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია - "არ შეიწყალო მიშა". ორგანიზატორები ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები იყვნენ. 

აქციაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავიდა. მისი თქმით, "აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე. მაინტერესებს, ის ადამიანები, ვინც ჭორს ავრცელებენ ჩემს შესახებ, თავიანთ მიერ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა მე ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს. იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულები სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში. დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან, რას გავაკეთებ, თურმე იციან, როდის გავაკეთებ, თურმე იციან, რატომ გავაკეთებ".

კომენტარები