მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მარგველაშვილი: ვინც თვლით, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, ხვალ Coca-Cola-ს ყოფილ შენობაში გელით

ტაბულა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,12 დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე განცხადების ხელმომწერებს შეხვდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. შეხვედრა წერეთლის 114-ში გაიმართება. 

"ვისაც მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლი არ უნდა იყოს და მიეცეს ქვეყნიდან გასვლის და მკურნალობის შესაძლებლობა, გთხოვთ, ხვალ მობრძანდეთ, ნებისმიერ მოქალაქეს. ხვალ, 12 საათზე კოკა-კოლას შენობაში".- თქვა მარგველაშვილმა. 

მოქმედი პოლიტიკოსები, ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი მოსამართლეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი აწერს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება მისი წამებით სიკვდილის აქტია.

განცხადების ხელმომწერების თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი მისი წამებით სიკვდილით დასრულდება.

მათივე თქმით, სააკაშვილის სიკვდილი ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და საქართველოს ისტორიულ პერსპექტივას შეუქცევადად დააზიანებს. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანა ზეპარტიული მიზანია. 

კომენტარები