შობა

საუდის არაბეთში შობის აღნიშვნა აკრძალული აღარაა

საუდის არაბეთში, წლების განმავლობაში, შობის აღნიშვნა აკრძალული საკითხი იყო. ქვეყანაში, რომელიც ისლამის წარმოშობის ადგილად არის ცნობილი, განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია. ამიტომ, ქრისტეშობის აღნიშვნის ტრადიცია, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, დიდი ხნის განმავლობაში სადავოდ რჩებოდა

წლევანდელ წელს საუდის არაბეთში ამ საკითხისადმი დამოკიდებულების ცვლილება შეიმჩნევა. თუ აქამდე საშობაო დეკორაციების ყიდვა-გაყიდვა იკრძალებოდა და მხოლოდ შავ ბაზარზე იყო მათი შეძენა შესაძლებელი, წელს საახალწლო სათამაშოები და ნაძვის ხეები, არამარტო ადგილობრივ ჯიხურებში, არამედ სუპერმარკეტებშიც გამოფინეს. შობასთან დაკავშირებით მიდგომების ცვლილებაზე ოფიციალური განხადება მთავრობის მხრიდან არ გაკეთებულა, თუმცა მაღაზიების მფლობელები თამამად ვაჭრობენ საშობაო საქონლით. სამართალდამცავების მხრიდან აკრძალვის პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია.

ტაბუ ნელ-ნელა იხსნება არაბ მოსახლეობაშიც, რომელიც ცვლილებების მიმართ დიდი სიფრთხილითა და სენსიტიურობით გამოირჩევა. გამყიდველების თქმით, სამართალდამცავების გარდა, უარყოფით რეაქციას კონსერვატორი მომხმარებლებისგანაც ელოდნენ. თუმცა მორთულობების სიმწირისგან გამომდინარე,  სუპერმარკეტებს კრიტიკა არ დაუმსახურებიათ. 

"ჩვენ გავიაზრეთ, რომ აუცილებელი გახდა ცვლილებები. ამის აღიარების შემდგომ ისინი რეალობაშიც განვახორციელეთ. ჩვენს ხალხს სურს გლობალური სამყაროს ნაწილი იყოს. სხვათა ადათ-წესები ჩვენ არ გვაშინებს". - ამბობს ერთ-ერთი ხელისუფალი ინტერვიუში.

კომენტარები