რუსული ოპოზიცია

რუსი ოპოზიციონერი პუტინს სიტყვა "ომის" გამოყენებისთვის პროკურატურაში უჩივის

Befunky

სანკტ-პეტერბურგის საკრებულოს ოპოზიციონერი მაჟორიტარი ნიკიტა იუფერევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სიტყვა "ომის" გამოყენებისთვის პროკურატურაში უჩივის.

იუფერევი მოითხოვს სამართალდამცავებმა გადაამოწმონ პუტინის 21 დეკემბრის მიმართვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს ფრაზას ""ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის გაღვივება, პირიქით, [ჩვენი მიზანია] დავასრულოთ ეს ომი". 

"ვლადიმირ პუტინმა ომს ომი უწოდა: "ჩვენი მიზანია დავასრულოთ ომი". სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებისა და ომის დაწყების ბრძანება არ ყოფილა. ასეთი სიტყვებისთვის ათასობით ადამიანი გაასამართლეს. მივმართე შესაბამის ორგანოებს რომ პუტინი ჯარზე ფეიკების გავრცელების მუხლით გაასამართლონ". – წერს სოციალურ ქსელში რუსი ოპოზიციონერი.

პუტინის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომს სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახელით მოიხსენიებს. რუსეთში მოქმედებს კანონი, რომელიც სპეცოპერაციის ომად მოხსენებას კრძალავს. ამ კანონით დარღვევაში ამხილეს თავად იუფერევიც, მას შემდეგ რაც ოპოზიციონერმა პუტინს სამშობლოს მოღალატე და უკრაინაში ომის გამჩაღებელი უწოდა.

ნიკიტა იუფერევი პოლიტიკური გაერთიანება იაბლოკოს წევრია და სანკტ-პეტერბურგის საკრებულოში 2019 წლიდან მუშაობს.

კომენტარები