ირანი

ირანი უკრაინას: უსაფუძვლო ბრალდებებისადმი ჩვენი მოთმინება ამოუწურავი არ არის 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კონგრესში გაკეთებული განცხადება ირანის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დევს

ქანაანიმ აღნიშნა, რომ რაიმე სახის სამხედრო ტექნიკა ირანის ისლამურ რესპუბლიკას უკრაინის ომში გამოსაყენებლად ომში ჩართული არცერთ მხარისთვის არ მიუწოდებია. მისივე თქმით, ირანი ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის პატივს სცემდა.

"ბატონმა ზელენსკიმ უკეთესად უნდა იცოდეს, რომ ირანის სტრატეგიული მოთმინება ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით ამოუწურავი არ არის". – თქვა ნასერ ქანაანიმ.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქანნაანიმ, უკრაინის პრეზიდენტს ურჩია "გამოიტანოს გაკვეთილი ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ლიდერის ბედიდან, რომლებიც აშშ-ის დახმარებით სარგებლობდნენ".

აქამდე, 5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.

კომენტარები