სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის მაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მან რუსული მხარე გააკრიტიკა.
ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის გარშემო აზერბაიჯანის ქმედებებს უკანონო უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, არ ასრულებს სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.
ფაშინიანმა რუსეთს შეახსენა, რომ 2020 წლი 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ უნდა იყოს, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს ამ გზით მოქალაქეებისა და ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოება.
"ეს პუნქტი დღეს ფაქტობრივად არ მუშაობს. დე ფაქტოდ გამოდის, რომ რუსი სამშვიდობოების კონტინგენტი არ ასრულებას სამმხრივი განცხადების ფარგლებში აღებულ ვალდებულელებს, რომ ლაჩინის დერეფანს აკონტროლებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ხდება აზერბაიჯანის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების გამო, მაგრამ ეს არ ცვლის სიტუაციას, რუსი მშვიდობისმყოფელი ძალების მთავარი მიზანი ხომ ლაჩინის დერეფნის გაკონტროლებაა". – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანი ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა და მოიწვია, გაეროს, ეუთოსა და ეუთოს მინსკის ჯგუფის მისიები.
ამას გარდა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვერსია გაუგზავნა. მისი თქმით, ერევანში მზად არიან, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ფაშინიანმა დაამატა, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვარიანტი აქამდეც, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
12 დეკემბრიდან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი მაკავშირებელი გზა, ლაჩინის დერეფანი ბლოკირებულია, რადგან აზერბაიჯანელი გარემოსდამცველების ჯგუფმა ქალაქ შუშასთან ყარაბაღში წიაღისეულის "უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა გააპროტესტა.