საქართველო-ევროკავშირი

ვწუხვართ, რომ არ განხორციელდა ჟან მონეს დიალოგი – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია 13 დეკემბრს მიიღო, სადაც უწყება გამოთქვამს წუხილს, რადგან ჟან მონეს დიალოგი არ განხორცილდა. 

"ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის შესაძლებლობის განვითარებას. წუხს, რომ საქართველოს პარლამენტისადმი ევროპარლამენტის შეთავაზება ჟან მონეს დიალოგის განხორციელებასთან დაკავშირებით არ იქნა მიღებული". - ვკითხულობთ რეზოლუციაში. 

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის სფეროში ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია. უწყების ინფორმაციით, ჟან მონეს დიალოგით ევროპარლამენტი აძლიერებს პოლიტიკური ლიდერების უნარს განავითარონ ნამდვილი ინტერპარტიული დიალოგი და შექმნან კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის შესაქმნელად.

მსგავსი ფორმატი გამოყენებული იქნა ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაში. 

2021 წლის 21 იანვარს ევროპარლამენტის წევრებმა, ვიოლა ფონ კრამონმა, მარიამ ლექსმანმა და მარინა კალიურანდიმ საქართველოში ჟან მონეს დიალოგის ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  ევროპარლამენტარების ცნობით, 21-22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ვერ შედგა, რადგან შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის დრო არ გამონახა.  

ჟან მონეს ფორმატის შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში იყო განსაზღვრული.

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზე შედგენილ რეზოლუციას რეგისტრირებული 608 ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 52 წავიდა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის საბოლოო სახის მისაღებად ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს დეპუტატების მიერ ინიცირებულ შესწორებებს, მათ შორის, 275 დეპუტატმა 212-ის წინააღდეგ მხარი დაუჭირა EPP-ის წევრის, მირამ ლექსმანის შესწორებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები