პოლიტიკური კრიზისი

ევროპარლამენტარები: თბილისში ვიზიტი ვერ შედგება, შალვა პაპუაშვილმა დრო არ გამონახა

შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის წევრები, ვიოლა ფონ კრამონი, მარიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი საქართველოში ჟან მონეს დიალოგის ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარების ცნობით, 21-22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ვერ შედგა, რადგან შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის დრო არ გამონახა.  

აღსანიშნავია, რომ ჟან მონეს ფორმატის შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში იყო განსაზღვრული

გთავაზობთ ევროპარლამენტარების განცხადებას უცვლელად: 

როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრისთვის დრო არ გამონახა. 

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის დაწყების შესაძლებლობის შესწავლა, რომლის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება და უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის შენება.

ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება შეუძლია. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრის და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის წინსვლის. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში. 

უკვე კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს - მოამზადოს საფუძველი უახლოეს მომავალში ჟან მონეს დიალოგის პროცესის დასაწყებად.
 

კომენტარები