გადატრიალების მცდელობა გერმანიაში

გერმანიის გადატრიალებაში ბრალდებულების ცნობით, გეგმა შოლცის მკვლელობას ითვალისწინებდა

Krisztian Bocsi/Bloomberg/Getty Images

გერმანიის გადატრიალებაში ბრალდებული, ორი დაკავებული პირის ცნობით, შეთქმულთა გეგმები გერმანიის პარლამენტის შტურმით აღებას, პარლამენტის წევრთა დაპატიმრებასა და კანცლერის, ოლაფ შოლცის მკვლელობას ითვალისწინებდა. მათივე თქმით, ჩრდილოვანი მთავრობის ლიდერი, რომელიც ჰაინრიხ XIII როისის პრინცის სახელით არის ცნობილი, სულ მცირე ერთხელ მაინც შეხვდა საკონსულოში რუს დიპლომატებს. მისი ვიზიტი ლაიფციგში მდებარე საკონსულოში ორჯერ დაფიქსირდა. საკონსულომ უარი თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. მიმდინარეობს გამოძიება, თუ რამდენად აქტიურად ცდილობდა პრინცი მოსკოვის ჩართვას გადატრიალებაში.  

 

საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ უკვე დააკავა 23 ეჭვმიტანილი, ხოლო 31 პირზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულების თქმით, მათ საიდუმლო ფიცი აქვთ დადებული და მისი დარღვევისა და ინფორმაციის გათქმის შემთხვევაში, სიკვდილი მოელით. 

 

ექსპერტთა შორის არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეთქმულების მონაწილეები შესაძლოა თავად გერმანიის პარლამენტის წევრებიც აღმოჩნდნენ, რომელთა ნაწილსაც მომხდარი მოვლენა არ გაუკრიტიკებია. 

 

7 დეკემბერს გერმანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და დანაშაულებრივი ჯგუფის, მინიმუმ, 25 წევრი დააკავეს. ჯგუფს გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა ედება ბრალად. 

დაკავებულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობა რაიხსბიურგერის (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებსაც გერმანიის პოლიცია დიდი ხანია თვალს ადევნებს ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო. ისინი ასევე უარს ამბობენ თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე. 

დაკავებულთა შორის არიან გერმანიის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი სამხედრო და რამდენიმე რეზერვისტიც.

რეიდების საფუძველი რაიხსბიურგერის სხვა ჯგუფის გარშემო დაწყებული გამოძიება გახდა. ეს გამოძიება ჯგუფის მიერ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლაუტერბახის გატაცების გეგმას ეხებოდა.

გერმანიის გენერალური პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჰაინრიხ XIII-ს გარშემო დაახლოებით 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიკრა. ჯგუფს ჰყავდა საბჭო, რომელიც გადატრიალების შემთხვევაში მმართველი ორგანო იქნებოდა და ზოგიერთი წევრი უკვე დანიშნული იყო მინისტრის როლზე. 

 

კომენტარები