გადატრიალების მცდელობა გერმანიაში

გერმანიაში გადატრიალების ბრალდებით დაკავებულ 25 პირს შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა

ბორტმოქმედთა ჯგუფის ლიდერი, ჰაინრიხ XIII
Boris Roessler / dpa

გერმანიაში 7 დეკემბერს გადატრიალების ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე, 39 წლის ვიტალია ბ. არის.

გერმანელი პროკურორების თქმით, ჯგუფს სურდა გერმანიის ლიდერად დაენიშნა საკუთარი ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ თავს ჰაინრიხ XIII როისის პრინცს უწოდებს. პროკურორების თქმით, ჰაინრიხი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას, რაშიც მას, ბრალდების მიხედვით, ვიტალია ბ. დაეხმარა. გამომძიებლებმა ვერ იპოვეს სამხილი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ რუსეთისგან პასუხი მიიღეს.

კრემლში გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში რუსეთის ჩართულობას უარყოფენ.

"ეს დიდი ალბათობით გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საშინაო პრობლემაა და თავადვე აცხადებენ, რომ რუსეთის რაიმე სახის ჩართულობაზე საუბარი შეუძლებელია. ამის შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. არაფერი გვაქვს სათქმელი". – თქვა მედიასთან კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

7 დეკემბერს გერმანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და დანაშაულებრივი ჯგუფის, მინიმუმ, 25 წევრი დააკავეს. ჯგუფს გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა ედება ბრალად. 

სავარაუდოდ, წამყვანი ფიგურა იყო 71 წლის გერმანელი კაცი, რომელიც ცნობილია როგორც ჰაინრიხ XIII როისის პრინცი, რომელიც მმართველად უნდა დაესვათ.

დაკავებულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობა რაიხსბიურგერის (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებსაც გერმანიის პოლიცია დიდი ხანია თვალს ადევნებს ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო. ისინი ასევე უარს ამბობენ თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე. 

დაკავებულთა შორის არიან გერმანიის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი სამხედრო და რამდენიმე რეზერვისტიც.

რეიდების საფუძველი რაიხსბიურგერის სხვა ჯგუფის გარშემო დაწყებული გამოძიება გახდა. ეს გამოძიება ჯგუფის მიერ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლაუტერბახის გატაცების გეგმას ეხებოდა.

გერმანიის გენერალური პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჰაინრიხ XIII-ს გარშემო დაახლოებით 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიკრა. ჯგუფს ჰყავდა საბჭო, რომელიც გადატრიალების შემთხვევაში მმართველი ორგანო იქნებოდა და ზოგიერთი წევრი უკვე დანიშნული იყო მინისტრის როლზე. 

კომენტარები