ევროპარლამენტი

"ძალიან შემაშფოთებელია" – ბორელი კორუფციის ბრალდებით 4 პირის დაკავებაზე

–საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, თაღლითობის ბრალდებით ევროპარლამენტთან დაკავშირებული 4 ადამიანის დაკავება “ძალიან შემაშფოთებელია”. 

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საიმონ კოვენი კი ამბობს, რომ 4 ეჭვმიტანლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება "ძალიან საზიანოა" ევროპარლამენტისთვის.

ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი 10 დეკემბერს დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი ევა კაილია. PASOK-მა უკვე გამოაქვეყნა განცხადება კაილის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით და მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა.  

გუშინ, 11 დეკემბერს ევროპარლამენტმა კორუფციული გამოძიების გამო კაილის მანდატი შეუჩერა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს. კატარი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები