რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია – აშშ

აშშ-ს შეფასებით, ბოლო პერიოდში ირანისა და რუსეთის ურთიერთობები თავდაცვის საკითხებში სრულფასოვან პარტნიორობად ჩამოყალიბდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი ირანისგან უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერას იღებს.

აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ.

რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ რუსეთი თავდასხმებში ირანული დრონების გამოყენებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ირანს სანქცია რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. დრონების მიწოდების საკითხზე ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ევროკავშირმაც. 

ირანმა თავდაპირველად უარყო უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდება, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ ნაწილი რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე მიაწოდა.

ჯონ კირბიმ თქვა, რომ ირანისა და რუსეთის პარტნიორობა დრონების წარმოებაში საზიანო იქნება უკრაინისთვის, ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

”რუსეთი ცდილობს ირანთან თანამშრომლობას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა იარაღის განვითარება, წვრთნა”, - თქვა მან.  

აშშ შიშობს, რომ რუსეთი აპირებს ”ირანს მიაწოდოს მოწინავე სამხედრო კომპონენტები”, მათ შორის, ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

"ირანი გახდა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი. რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს დაესხას, მილიონობით უკრაინელს ართმევს ელექტროენერგიას, სითბოს. დღეს უკრაინაში ხალხი რეალურად იხოცება ირანის ქმედებების შედეგად”. - თქვა კირბიმ. 

ჯონ კირბის კომენტარების საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ თქვა, რომ ირანი გახდა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი და რომ მათ შორის ურთიერთობა საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. მისივე სიტყვებით, ორ ქვეყანას შორის “სამწუხარო შეთანხმების” შედეგად, ირანმა რუსეთს ასობით დრონი გაუგზავნა. 

კომენტარები