რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის.

საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს".

"ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან". – თქვა რევაზ ჯაველიძემ.

რუსული სამხედრო ძალები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს პერიოდულად ესხმიან თავს. უკრაინის ენერგეტიკულ ქსელებზე იერიშების შედეგად მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები