ქართველი მებრძოლები უკრაინაში

დროა: ოცნებას სურს, ასიამოვნოს რუსეთს და როგორმე შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა

დროა

"ქართული ოცნების წარმომადგენლები გამიზნულად ცდილობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას" - ასე ეხმაურება პარტია დროა მმართველი ძალის ლიდერების განცხადებას, რომ სხვა ქვეყნის ჯარში ყოფნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას ითვალისწინებს.

"ქართული ოცნება მამუკა მდინარაძისა და რატი იონათამიშვილის პირით უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის ჯარში შესვლა ავტომატურად გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

ეს არ არის ქართული ოცნების პირველი ქმედება ქართველ მებრძოლთა წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომრად უკრაინაში მიმავალი ქართველები თვითმფრინავში არ აუშვა, უარი თქვა დაღუპულთა ჩამოსვენებისას მათ დახვედრაზე, უძნელდება დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გაცხადებაც კი და მებრძოლებს "ომის პარტიის“ მიერ ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციებისთვის მართულ ხალხს უწოდებს.

მათ სურთ, ასიამოვნონ რუსეთს და როგორმე შეამცირონ ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა, რადგან პატრიოტიზმისა და თავისუფლების იდეით გაერთიანებული ხალხი არასდროს იქნება ქართული ოცნების მორჩილი და აუცილებლად გაათავისუფლებს ქართულ სახელმწიფოს" - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 7 დეკემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ "თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს". მისი განცხადებით, უკრაინაში ქართულ ლეგიონში შესვლამდე მებრძოლები ამის შესახებ უნდა გააფრთხილონ. 

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად. ანუ თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის და შეიძლება, ის ადამიანები აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, უნდა იცოდნენ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარში, მაგრამ ეს შეიძლება მართალიც არ იყოს, შეიძლება, საერთოდ არ ირიცხებოდნენ და ა.შ" - თქვა მდინარაძემ TV იმედის ეთერში.

საუბარია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ "საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში". 

კომენტარები