თბილისის მერია

კალაძე: 9 დეკემბერს ქალაქი და ნაძვის ხე განათდება, მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა

მე ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ იმას, რომ ადამიანებს მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ აღინიშნოს შობა-ახალი წლის დღეები. ძალიან სამწუხაროა და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბოლო დღეებია ჩვენ ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები, ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი გასაკუთრებით ელოდება - ყველა თაობის ადამიანი, აღარ დავიწყებ გამორჩევას. 

მე მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ 9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს - მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, მოცემულობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თხოვნა იქნება, რომ თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ პატარები - შვილები, შვილიშვილები. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია - სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქია". 

კომენტარები