მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შედეგი გვაქვს ის, რაზეც საუბრობენ ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებიც – ვივამედის დირექტორი

მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "რა თქმა უნდა, აქვს სხვადასხვა დაავადება". მან TV იმედის ეთერში აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა "შესაბამისობაშია არსებულ დაავადებებთან, დიაგნოზებთან". ზურაბ ჩხაიძის თქმითვე, კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს მკურნალობის კუთხითაც. ის ამბობს, რომ დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესში ჩართულები არიან როგორც ვივამედის სპეციალისტები, ისე კონსულტანტები.

"კეთდება ყველა ის საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. ნუ, შედეგი გვაქვს ის, რაც ნანახია, რაზეც საუბრობენ თუნდაც ჩვენი ექიმები, რაზეც საუბრობენ თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები" - ამბობს ჩხაიძე.

ვივამედის დირექტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

"რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება, ამას არავინ არ უარყოფს, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნებები, პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალების გამოყენებით, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და ამას ჩვენ ვამბობთ" - თქვა ჩხაიძემ.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

კომენტარები