მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა სულ მცირე სასჯელის გადავადების მოთხოვნას აკმაყოფილებს

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ მცირე სასჯელის გადავადების მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი თქმით, კონსილიუმის დასკვნა შეესაბამება სსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში ითვალისწინებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას.

"მე ეს დასკვნა მეუბნება იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სსკ-ის 283-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის მოხდისგან გადავადება შეიძლება მოხდეს თუ დაავადება არის მძიმე, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ, რაკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება მძიმედ და საკმაოდ დეტალური მსჯელობა გვაქვს, ვფიქრობ, რომ სულ მცირე სასჯელის მოხდისგან გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს.

ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რადგან არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტები და სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო. ამიტომ, შესაძლებელია იყოს კიდევ სხვა გარემოებებიც, მხარე ამას წარმოადგენს, შესაძლებელია მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძვლებსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე, რის თქმას ვაპირებთ და ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე, სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავაგზავნოთ" - ამბობს ლომჯარია.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა.

კომენტარები