მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

IV ხარისხის კახექსიაა, სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს – ომბუდსმენის დასკვნა

მიხეილ სააკაშვილი

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, "მნიშვნელოვნად" არის გაუარესებული.

"გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, პოლინეირაპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტური სფერო და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება, ამ ყველაფერმა მოგვცა უფლება გვეუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია.

უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს, ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება - კახექსია" - ამბობს ნევროლოგი და განმარტავს, რომ ანორექსიაა, როცა პაციენტი ვერ იღებს საკვებს, ხოლო შიმშილობა - როცა არ იღებს. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

"ყოველ შემთხვევაში, ჩემი გასინჯვით არ დარჩა შთაბეეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სუიციდალური ქცევა აქვს" - ამბობს ექიმი და აღნიშნავს, რომ საკვების ვერმიღება ბევრ პრობლემასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

"შესაძლოა, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ მისცა გამშვები მექანიზმი, მაგრამ გამშვები მექანიზმი რა არის, ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს" - აღნიშნავს წულაძე.

კონსილიუმის წევრის თქმითვე, "კახექსია არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო სწრაფი აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას, რასაც მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ჩვენი აზრით, ის შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს".

თენგიზ წულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა.

"განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული" - ამბობს წულაძე.

კითხვაზე, რა არის ძირეული გადაწყვეტილება, ექიმი პასუხობს - "ვფიქრობ, მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნეს გადაყვანილი... პაციენტი ჩვენი ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნეს ნამკურნალევი, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც  შესაბამისი გამოცდილება აქვს".

თენგიზ წულაძის თქმითვე, "ჩვენი კოლეგები არ აკლებენ არაფერს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს".

"კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს. თუ ასე გაგრძელდა წონის კლება, რა თქმა უნდა. თუ არ გაგრძელდა და გაჩერდა ან გაუმჯობესდა, არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში უნდა იყოს" - ამბობს ნევროლოგი.

კომენტარები