მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჯობია, გამოიცვალოს პაციენტის სამკურნალო ადგილი, ამაზე ლოგიკური დასკვნა ვერ იქნება – ექიმი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას თქმით, "ჯობია, გამოიცვალოს პაციენტის სამკურნალო ადგილი".

"მდგომარეობა არის ასეთი, თქვენ გყავთ პაციენტი კლინიკაში, რომლის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება. პირველი კითხვა ექიმთან იქნება - ვინმე ხომ არ მოვიყვანოთ? დავუშვათ, მოვიყვანეთ ვინმე და მაინც არ უმჯობესდება. შემდეგი კითხვა იქნება, სადმე ხომ არ გადავიყვანოთ? ეს არის ამ ამბის შინაარსი.

ფაქტია, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ფაქტია, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა უარესდება, და ფაქტია, რომ არ ჩანს რაიმე სტრატეგია, გეგმა, რომლითაც შეიძლება მისი მდგომარეობის გამჯობესება. შესაბამისად, დასკვნა არის, რომ ჯობია, გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი, ამაზე ლოგიკური დასკვნა მე მგონი, სხვა არ იქნება.

რატომღაც ასეა მიჩნეული, რომ "ბოლომდე გვითხარით დიაგნოზი", თითოეული სიმპტომის ამხსნელი დიაგნოზი... დიაგნოზი რომ არ არსებობს, პრობლემაც ამაშია" - ამბობს კარდიოლოგი.

კომენტარები