რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვამ საკუთარ აეროდრომებზე უკრაინული დრონების იერიშები დაადასტურა

რიაზანში მდებარე დიაგილევოს აეროდრომი, იერიშის შედეგების ამსახველი ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათ აეროდრომებზე რიაზანისა და სარატოვის ოლქებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა მსხვერპლზე გავრცელებული ინფორმაციაც. 

"ტექნიკური ჯგუფის სამმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც აეროდრომზე იმყოფებოდნენ, სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უტარებენ". – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, 5 დეკემბრის დილით უკრაინის საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოსა და სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის აეროდრომზე, თვითმფრინავების წყობიდან გამოყვანის მიზნით, იერიშები მიიტანეს.

რუსეთი ადასტურებს ორი თვითმფრინავის დაზიანებასაც.

რუსეთის მტკიცებით, მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა დრონები ჩამოაგდეს, მაგრამ ხანძარი და აფეთქებები საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა გამოიწვია. 

სარატოვის ენგელსის აეროდრომი ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით, 700 კმ.-ში მდებარეობს და აქ განლაგებულია Ту-95-ისა და Ту-160-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები. რუსულ ბომბდამშენებს უკრაინაზე იერიშები ამ საჰაერო ბაზებიდან მიაქვთ.

კიევი იერიშებზე ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.

კომენტარები