საქართველოს ეკონომიკა

ჩეხეთის საელჩო: ელჩის კომენტარი არა რუსეთზე სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას ეხებოდა

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა

ჩეხეთის საელჩო საქართველოში საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ ელჩის, პეტრ მიკისკის განმარტებით, საკუთარ კომენტარში, რომელსაც ქართული ოცნების აჟიოტაჟი მოჰყვა, ის არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, არამედ ზოგად ვაჭრობაზე საუბრობდა. ელჩმა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ისაუბრა.

საელჩო წერს, რომ მიკისკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვიტიაშვილთან "ნაყოფიერი" შეხვედრა ჰქონდა.

"ელჩმა განმარტა, რომ მისი კომენტარი, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოღებული, არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას". – ნათქვამია საელჩოს პოსტში.

ამას გარდა, საელჩო წერს, რომ იციან და აფასებენ "სანქციების საკითხზე საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციას".

კომენტართან დაკავშირებით, 2 დეკემბერს საქართველოს საგარეო უწყებამ ჩეხეთის ელჩი დაიბარა.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.

ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს". – წერდა საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში. 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე, – იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს, ელჩმა მიკისკამ თქვა:

“ამ წლის დასაწყისიდან, [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, – გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა". – განაცხადა მან და დასძინა, რომ "საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის".

თუმცაღა, მოსაზრება, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა ჩრდილოეთით მიდის, ჯერჯერობით დაუზუსტებელია და, ელჩ მიკისკის ინფორმაციით, საკმარისი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს ამის დასადასტურებლად.  

კომენტარები