საქართველოს ეკონომიკა

თალაკვაძე: არ ვიცი, ჩეხეთის ელჩს რა განათლება აქვს, ექსპორტ-იმპორტი ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება

"არ ვიცი, ელჩს რა განათლება აქვს, ექსპორტ-იმპორტი ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება" - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპოკერი, არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებას, რომ 2022 წელიდან ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში მიდის.

"ეს თუ ელჩმა თქვა, მე მინდა, მას ვუპასუხო საქმიანად უბრალოდ - საქართველოს ექსპორტი არის გაზრდილი 38%-ით, რუსეთის გამოკლებით. საქართველოს ტურიზმის აღდგენა არის 101%, გადაამოწმეთ, რუსეთის ფაქტორის გამოკლებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არის გაზრდილი 62.5%-ით, აქაც რუსეთის გამოკლებით. რუსეთი არის უარყოფით ბალანსში, რუსეთის ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.  

ექსპორტ-იმპორტი მიჰყვება ეკონომიკურ ზრდას. მე არ ვიცი, ელჩს რა განათლება აქვს, მაგრამ მე გარკვეული ეკონომიკური განათლება მაქვს და მარტივია ამის თქმა. ყველას შეგიძლიათ ჰკითხოთ - ეკონომიკა როცა იზრდება, რა თქმა უნდა, ექსპორტ-იმპორტიც მიჰყვება მაგას". - ამბობს არჩილ თალაკვაძე იმედის ეთერში.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე, – იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს, ელჩმა მიკისკამ განაცხადა:

“ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, – გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.

თუმცაღა, მოსაზრება, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა ჩრდილოეთით მიდის, ჯერჯერობით დაუზუსტებელია და, ელჩ მიკისკის ინფორმაციით, საკმარისი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს ამის დასადასტურებლად.  

კომენტარები