კახა კალაძე

კალაძე TV პირველზე: არ მაქვს მოლოდინი, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა

"მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად" - ასე ეხმაურება თბილისის მერი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, TV პირველსა და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. თბილისის მერის თქმით, ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და "საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის". კახა კალაძე წერს, რომ სურს, ბოლო პრეცედენტი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ TV პირველთან სხვა დროს აღარ მოუწევს სასამართლოში შეხვედრა.

"რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.

ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.

ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.

რაც შეეხება უშუალოდ TV პირველს, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.

ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის." - წერს კალაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – თბილისის მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიამ კალაძეს უნდა გადაუხადოს 15 000 ლარი და ასევე, უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერმა ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

სარჩელი ეხებოდა 2022 წლის 5 ივლისს მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი იყო, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

კომენტარები