ტაქსის რეფორმა

ტაქსის ლიცენზიების გაცემას მერია შეწყვეტს, ის ფასიანი ქაღალდის მსგავსად იმუშავებს - წილოსანი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმის მე-3 ეტაპზე ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. მერის თქმით, ფასიანი ქაღალდი A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა. 

როგორც BMGTV-ის ეთერში 29 ნოემბერს ტრასპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს  უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განმარტა, გარკვეულ ეტაპზე ლიცენზიების გაცემას მერია შეწყვეტს და ლიცენზიები ფასიანი ქაღალდის მსგავსად იმუშავებს, კერძოდ, მის მფლობელს შეეძლება, ლიცენზია გასცეს იჯარით, დააგირაოს ან გაასხვისოს. 

“ლიცენზიების გაცემა ჩაიკეტება და, შესაბამისად, მომსახურების მოთხოვნის ზრდასთან ერთად მათი ღირებულება გაიზრდება” - ამბობს სააგენტოს უფროსი და განმარტავს, რომ ლიცენზია, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდი, მემკვიდრეობით გადავა.

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი არის 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი - უფასოა. სერვისები სააგენტოს განვითარების ცნობით, ამჟამად 17 430 ნებართვაა გაცემული.

რეფორმის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია არც კახა კალაძეს და არც ვიქტორ წილოსანის.

კომენტარები