რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: უკრაინას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება, მომავალ წელს გავზრდით სამხედრო დახმარებას

Ukrainian Presidential Press Service

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თავის საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა უკრაინას იქამდე დაეხმარება, სადამდეც ეს საჭირო იქნება და გააგრძელებს მისთვის იარაღის მიწოდებას. 

"ჩემი ლიდერობის ქვეშ ჩვენ არ ავირჩევთ სტატუს ქვოს, არამედ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის". – თქვა სუნაკმა. 

23 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა  ბენ უოლასმა თქმა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ვერტმფრენებს გადასცემს. ეს, ომის დაწყების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინა ბრიტანეთისგან მსგავს ტექნიკას მიიღებს.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს Sea King-ის ტიპის 3 ვერტმფრენს, რომელთაგან 1 უკვე დანიშნულების ადგილზეა. Sea King-ებს ადრე იყენებდნენ როგორც ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები, ასევე სამეფო საზღვაო ძალები.

ბოლო 6 კვირაში უკრაინული ეკიპაჟები ბრიტანეთში ვერტმფრენის მართვისა და სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობების წვრთნებს გადიოდნენ.

თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის. მან განცხადება ოსლოდან გააკეთა, სადაც ის მოკავშირეებს უკრაინის მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის განსახილველად ხვდება.

ამასთან, შაბათ-კვირას კიევში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის დახმარების ახალი, 50-მილიონფუნტიანი  პაკეტი გამოყო, რომელიც მოიცავდა 125 ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს და აღჭურვილობას ირანის მიერ მიწოდებული დრონების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

აქამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიწა-ჰაერის ტიპის დამატებით 1 000 რაკეტას გაგზავნიდნენ.

ასევე, დიდი ბრიტანეთი უკრაინულ ჯარებს ზამთრის აღჭურვილობით ამარაგებს.

კომენტარები