რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ოკუპანტები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი
REUTERS/Anna Voitenko

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ

"რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დატოვებენ, რადგან მათი თავდაცვის ხაზი თანდათან შორდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიკავა და ყველა საერთაშორისო წარმომადგენელმა ხელი ჩაიქნია და თქვა: "კარგი, კარგი". ახლა ასეთი მიდგომა არ გამოდგება. 

მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ როსატომს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ლეგიტიმური ძალაუფლება არ აქვს. ეს სადგური ექსკლუზიურად უკრაინულია". - თქვა პოდოლიაკმა. 

ასევე, რამდენიმე საათით ადრე, Energoatom-ის პრეზიდენტმა, პეტრ კოტინმა თქვა, რომ რუსი ოკუპანტები შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებოდნენ.

კოტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ რუსი სამხედროები ელექტროსადგურს ტოვებენ, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამისთვის ემზადებიან.


20 ნოემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსმა თქვა, რომ გასულ 24 საათში ევროპის უდიდეს ელექტროსადგურზე 10-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებისა და ქარხნების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები