რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ENERGOATOM: რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

Energoatom-ის პრეზიდენტის, პეტრ კოტინის თქმით, რუსი ოკუპანტები შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებოდნენ.

"ბოლო კვირებია ჩვენ რეალურად ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპანტები სავარაუდოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვებისთვის ემზადებიან". - თქვა კოტინმა. 

კოტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ რუსი სამხედროები ელექტროსადგურს ტოვებენ, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამისთვის ემზადებიან. 

კოტინმა თქვა ისიც, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს, მათ შორის ტექნიკა და სატვირთო მანქანები. კოტინმა ასევე განმარტა, რომ რუსეთის ძალებს სადგურის ტერიტორია სავარაუდოდ დანაღმული აქვთ.

ასევე, უკანასკნელ დღეებში რუსულ მედიებში ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ რუსულ ძალებს შესაძლოა აღარ უღირდეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება და შენარჩუნება. 


20 ნოემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ერთ დღე-ღამეში ევროპის უდიდეს ელექტროსადგურზე 10-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებისა და ქარხნების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები