რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ერთადერთი გარე წყარო გაითიშა – IAEA

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებს.

"დაბომბვის განახლება და ქარხნის გარე მომარაგების ერთადერთ წყაროზე დარტყმა უკიდურესი უპასუხისმგებლობაა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაცული უნდა იყოს". – თქვა გროსიმ.

მისივე თქმით, ის მალე გაემგზავრება რუსეთში და შემდეგ კვლავ უკრაინაში დაბრუნდება, რათა ქარხნის გარშემო ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონაზე მოლაპარაკებები შედგეს.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები