საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ნიკოლოზი მეუფე ზენონზე: თუ ჩამოვა და განმარტავს, შეიძლება, გადაწყვეტილება შეიცვალოს

ახალქალაქის, კუმოროდსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მიტროპოლიტობიდან ჩამოშორებული მეუფე ზენონის შესახებ გადაწყვეტილება, თუ იგი საქართველოში ჩამოვა და მის მოქმედებებს პატრიარქისა და სინოდის წინაშე განმარტავს.

"რა თქმა უნდა, მათ შორის მის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთ რამეზეა ლაპარაკი – მან განაცხადა, რომ დეკემბერში აპირებს ჩამოსვლას. ვფიქრობ, თუ დეკემბერში ჩამოვა, საშუალება ექნება, ახსნა-განმარტებების გაკეთების სინოდის წინაშეც, პატრიარქის წინაშეც და მე არ გამოვრიცხავ, რომ მისმა ამ ახსნა-განმარტებებმა ეს გადაწყვეტილება პატრიარქსაც შეაცვლევინოს და სინოდის წევრებსაც. არ გამოვრიცხავ თეორიულად, მაგრამ თუ კიდევ ისე მოხდა, რომ არ ჩამოვიდა, არ მოვისმინეთ ეს მისგან, მაშინ აუცილებლად შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, მღვდელმთავრებს უფლება არ აქვთ, რომ მათი ეპარქიები 3 თვეზე მეტი ხნით გაფრთხილების გარეშე დატოვონ, ხოლო ამჟამად დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მიტროპოლიტი მეუფე ზენონი სწორედ ამ ვადაზე დიდი ხნით იმყოფება დიდ ბრიტანეთში.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

იქამდე მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

მეუფე ზენონის თქმით, ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

კომენტარები