რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი გერმანიას მიმართავს, ვარშავისთვის დაპირებული Patriot-ები უკრაინას გადასცენ

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ გერმანიას მიმართეს, ვარშავისთვის დაპირებული ამერიკული Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინას გადასცენ. 

"რუსეთის მორიგი სარაკეტო იერიშების შემდეგ, მე მივმართე გერმანიას, რომ პოლონეთისთვის დაპირებული პატრიოტის ბატარეები გადაეცეს უკრაინას და განლაგდეს დასავლეთ საზღვართან. ეს უკრაინას დაიცავს მორიგი მსხვერპლისგან და ენერგომომარაგების გათიშვისგან, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან უსაფრთხოებას გაზრდის". – წერს ბლაშჩაკი.

აქამდე, პშევოდოვის სარაკეტო ინციდენტის შემდეგ, პოლონეთს პატრიოტის დამატებითი სისტემებით დახმარება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა შესთავაზა. ამის შემდეგ, ბლაშჩაკი შეთავაზებასთან დაკავშირებით გერმანელ კოლეგას ესაუბრა და შეთავაზება მიიღო. თავდაპირველად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი პატრიოტის სისტემას უკრაინის საზღვართან განათავსებდნენ.

23 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე კვლავ მასობრივი სარაკეტო იერიშები მიიტანა. თავდასხმების შედეგად ენერგომამარაგება ნაწილობრივ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვასაც შეუწყდა. 

16 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი პოლონელი დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

კომენტარები