იგორ გირკინი

ვინაა გირკინი, ვისაც ჰააგამ MH17-ის რეისის ჩამოგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

იგორ გირკინი (სტრელკოვი) და მალაზიური MH17 რეისის ნარჩენები

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 14 ივლისს სამოქალაქო რეისი MH17, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, უკრაინის თავზე რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ჯგუფებმა რუსეთის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს. ჰააგის სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით ოთხი ბრალდებულიდან სამს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამას გარდა, მათ 16 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.

პირები, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, არიან:

  • რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) – რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა (ФСБ) და სავარაუდოდ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომელი, რომელიც 2014 წელს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო. ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ Бук-ის სარაკეტო სისტემა, რომლითაც MH17-ის რეისი ჩამოაგდეს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მან განათავსა და რუსეთს დახმარება მან სთხოვა.
  • რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი – ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი. ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის პასუხისმგებელი იყო Бук-ის სარაკეტო სისტემის ტრანსპორტირების ბრძანების გაცემაზე და გადატანის პროცესს ზედამხედველობდა.
  • უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო – ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ძალების ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური. სასამართლოს დასკვნით, ის დუბინსკის დაქვემდებარებაში Бук-ის სისტემას ზედამხედველობდა. 

საქმეში ბრალდებული ოთხი პირიდან ჰააგამ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკი იყო.

რუსი ნაციონალისტი იგორ გირკინი, რომელიც საკუთარ თავს სტრელკოვის ფსევდონიმით მოიხსენიებს, 2014 წელს სეპარატისტების სამხედრო მეთაურობის გარდა, კრემლის ნოვოროსიის პროპაგანდისტული ნარატივის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. 2014 წლის ნოემბერში მან სეპარატისტების დასახმარებლად სამოქალაქო მოძრაობა ნოვოროსია დააარსა.

მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის

დონბასის ომში მნიშვნელოვანი როლის გამო, გირკინი სანქცირებულია ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ავსტრალიის, იაპონიის, კანადისა და შვეიცარიის მიერ. 

გირკინი იმითაც კი ტრაბახობდა, რომ მან უკრაინაში "ომის ჩახმახს თითი გამოკრა".

მას შემდეგ რაც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გირკინმა, რამდენიმე მარცხის შემდეგ, პოპულარობა დაკარგა და პოლიტიკურ უთანხმოებებშიც გაეხვა, ის საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, თუმცა, დღეს, ცნობების მიხედვით, ის უკრაინაში, ფრონტზე დაბრუნდა. 

გირკინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერია და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე ხშირად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ელიტას, თავდაცვის სამინისტროს. ამას გარდა, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სრული მობილიზაციისა და საომარი რეჟიმის გამოცხადებისკენ მოუწოდებდა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში გირკინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ის "აქტიურ ჯარს" კვლავ შეუერთდა. მისი ფრონტზე დაბრუნების ცნობების გავრცელების შემდეგ, უკრაინამ წამოიწყო კამპანია, რომელიც იგორ გირკინის დაკავების სანაცვლოდ განკუთვნილ 100 000 დოლარს აგროვებს. 

მიიჩნევა, რომ გირკინი ყველაზე დიდი რანგის სამხედრო პირი იყო, რომელსაც, მალაიზიური რეისის ჩამოგდების დროს, მოსკოვთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. მან აქამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ თვითმფრინავის მგზავრების მასობრივი სიკვდილის გამო "მორალურ პასუხისმგებლობას" გრძნობდა, მაგრამ ამ მოვლენებში პირდაპირ როლს უარყოფდა.

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ორგანიზაციის, ომის კვლვევის ინსტიტუტის (ISW) 24 ოქტომბრის ანგარიშში აღნიშნული იყო რუსი სამხედრო ბლოგერის ინფორმაცია, რომ რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გააქტიურდა, აფინანსებს ვაგნერის ჯგუფზე დაფუძნებული მოხალისეობრივი ბატალიონის შექმნას, რომელსაც რეკრუტირებას იგორ გირკინი გაუწევს.

ISW საკუთარ ანგარიშში ეყრდნობოდა რუს სამხედრო ბლოგერს და წერდა, რომ გირკინს რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია რაც მოხალისეობრივი ბატალიონის შექმნაში ხელს უშლიდა.

2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების ფრენა ნომერი 17 (MH17) ნიდერლანდებიდან, ამსტერდამის აეროპორტიდან მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როდესაც ის, უკრაინის საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, პრორუსი სეპარატისტების ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. შემთხვევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც პრორუსი სეპარატისტები ჩამოგდებულ თვითმფრინავს ათვალიერებდნენ და აცნობიერებდნენ ფაქტს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კომენტარები