ირანი

შოლცი: ირანი ევროკავშირისგან უფრო მეტ სანქციას უნდა ელოდოს

AP Photo/Michael Sohn, file

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მკაცრად გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების სისხლიანი ჩახშობის გამო და აღნიშნა, რომ გერმანია ირანელი ხალხის გვერდით დგას.

შოლცმა განმარტა, რომ ირანი სასტიკი დარბევისა და რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნის გამო დასანქცირდა. ორშაბათს, 14 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, დამატებით სანქციებზე შეთანხმდებიან.

შოლცის თქმით, 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის ირანის მორალის პოლიციის მიერ დაკავებიდან მალევე გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები არ არის მხოლოდ "ჩაცმულობის წესების" გამო პროტესტი, არამედ იგი გადაიზარდა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

"რთულია, წარმოვიდგინოთ, რამხელა გამბედაობა სჭირდება ყველაფერ ამას. 300-ზე მეტი მოკლული, ათობით ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენი და 14 000-ზე მეტი დაპატიმრება. ისინი, ვინც ირანში ჩაგვრას აპროტესტებენ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ და ხშირად მათი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს - ისინი წამების და ათწლეულებით პატიმრობის საფრთხის წინაშე დგანან". - თქვა შოლცმა. 

მანამდე, 23 ოქრომბერს ბერლინში ათიათასობით ადამიანი ირანის ანტისამთავრობო აქციების მხარდასაჭერად შეიკრიბა. გერმანიის პოლიციის შეფასებით, ბერლინში მსვლელობაში 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. 


13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები