ირანი

ბერლინში ათიათასობით ადამიანი ირანის ანტისამთავრობო აქციების მხარდასაჭერად შეიკრიბა

REUTERS/Christian Mang

ბერლინში ათიათასობით ადამიანი ირანის ანტისამთავრობო აქციების მხარდასაჭერად შეიკრიბა. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე მეექვსე კვირაა ირანის ქალაქებში მიმდინარეობს. 

გერმანიის პოლიციის შეფასებით, ბერლინში მსვლელობას 80 000 ადამიანი შეუერთდა. 

ირანის ანტისამთავრობო აქციების აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ ბერლინის მსვლელობა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ქვეყნის მიღმა ჩატარებულ დემონსტრაციებს შორის ყველაზე დიდია. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები