რუსეთი

რუსული მედია: რუსეთმა ცირკონის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების ახალი პარტია შეუკვეთა

რაკეტა ცირკონის გამოცდა რუსული ხომალდიდან
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, ТАСС-ის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცირკონის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების დამატებითი პარტიის შეკვეთა გასცა. როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მათ სამინისტროსთან დაკავშირებულმა წყარომ მიაწოდა.

პროპაგანდისტული მედია წერს, რომ, წყაროს თქმით, დამატებითი წარმოების კონტრაქტი ამ წლის შემოდგომაზე გაფორმდა და 2023 წელს უნდა შესრულდეს. მისივე თქმით, საუბარია დამატებით ათეულობით რაკეტის შექმნაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცირკონის ტიპის რაკეტის გამოცდა რამდენჯერმე ჩაატარა. მათ ის გაუშვეს როგორც ფრეგატიდან, ისე წყალქვეშა ნავიდან. ნოემბრის დასაწყისში ТАСС-ი, ასევე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ შექმნეს რაკეტის ხმელეთიდან გამშვები სანაპირო სარაკეტო კომპლექსიც.

2021 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ ჰიპერბგერითი რაკეტა ცირკონის გამოცდები დასასრულს უახლოვდებოდა და 2022 წლისთვის ის ქვეყნის სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში შევიდოდა.

კომენტარები