აშშ-რუსეთი

WSJ: ბაიდენის მრჩეველს კრემლის წარმომადგენლებთან კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა

ჯეიკ სალივანი (მარცხნივ), ნიკოლაი პეტრუშევი (მარჯვნივ)

გამოცემა The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს ამ თვეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველებთან კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა. თემა, WSJ-ს წყაროების ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის გაფართოების, ბირთვული და სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საფრთხის შემცირება იყო.

WSJ-ს ანონიმური მაღალჩინოსანი წყაროების ცნობით, ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს დიალოგი ჰქონდა პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, იური უშაკოვთან, ასევე ნიკოლაი პატრუშევთან, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანია. ოფიციალურ პირთა თქმით, მიზანი ესკალაციის რისკების შემცირება იყო და მათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე არ უსაუბრიათ.

WSJ-მ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ "ხალხი ბევრ რამეს ამტკიცებს". კომენტარზე უარი თქვა კრემლის სპიკერმაც, დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, "ანგლოსაქსური გაზეთები ბევრ სიცრუეს აყალბებენ". 

WSJ-სთან აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში სალივანი რუსეთთან კომუნიკაციებს ითხოვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო კურსის დამგეგმავთა აზრით, მოცემულ გარემოებებში, მოსკოვთან საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს.

WSJ-ს წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ თუ ზუსტად როდის შედგა საუბარი სალივანსა და კრემლის წარმომადგენლებს შორის და იყო თუ არა ეს პროცესი ნაყოფიერი.

აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სალივანი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე აშშ-ს საპასუხო პოლიტიკისა და გეგმების მთავარი კოორდინატორია, რაც მის მოვალეობებში უნდა შედიოდეს კიდეც, თუმცა ის ასევე ჩართულია დიპლომატიურ ქმედებებში, მაგალითად, ის 4 ნოემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს, ოლეკსი რეზნიკოვს შეხვდა. მსგავს შეხვედრებს სახელმწიფო ან თავდაცვის მდივნები ხელმძღვანელობენ ხოლმე. 

WSJ-ს წყაროს თქმით, სალივანმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საჯაროდ გამოეხატათ კონფლიქტის გადაჭრის ნება. ოფიციალური პირის თქმით, აშშ უკრაინას მოლაპარაკებებს არ აძალებს, მაგრამ სურს, მოკავშირეებს დაანახოს, რომ კონფლიქტის გადაჭრის გზებს ეძებენ.

როდესაც გასულ კვირებში პუტინმა და მისი წრის წარმომადგენლებმა ბირთვული შანტაჟის რიტორიკას უმატეს, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "დაუკავშირდა პირდაპირ, პირადად, კრემლის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება".

კომენტარები