რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ბირთვული პროგრამის განახლების მინიშნება იყო

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ზე წერს, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი კიევის მიერ ბირთვული პროექტის განახლებაზე მინიშნებები გახდა. 

"[ლაპარაკობდნენ] ეშმაკური სიამოვნებით გამოიყენებდნენ მას (ბირთვულ იარაღს) ჩვენსა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაზეც პირდაპირ მიანიშნებდნენ, იმუქრებოდნენ ბირთვული პროგრამის განახლებით, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა". – დაწერა მედვედევმა. 

მედვედევის თქმით, უკრაინის ლიდერები, ლეონიდ კრავჩუკიდან, ვოლოდიმირ ზელენსკიმდე, ამბობდნენ, რომ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი "დაძალებული" იყო.

კიევის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის სურვილის ბრალდება სიახლე არაა. უკრაინაში ომის დაწყებამდე, 22 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნის სურვილისა და გეგმების ქონას აბრალებდა.

"ასევე, ვიცით, უკვე გაჟღერდა განცხადება იმაზე, რომ უკრაინა აპირებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ცარიელი ტრაბახი არაა". – ამბობდა პუტინი.

ამ ბრალდებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, რომ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობდა.

"ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლის შემდეგ უკრაინამ სამჯერ სცადა კონსულტაცია ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან. სამჯერ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. დღეს ამის მეოთხე მცდელობა იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა გარანტორი ქვეყნების მოწვევა. თუ ამის შედეგად ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები". – ამბობდა ვოლოდიმირ ზელენსკი. 

1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აქ დარჩენილ ბირთვულ არსენალზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

კომენტარები