რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინელებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან, 2022 წლის 20 მაისი
AP News

რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰიდროელექტროსადგური უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

სააგენტოს განმარტებით, დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. 

"უკრაინის მიერ კაშხალზე თავდასხმა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაა". - თქვა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა. 

გასული თვიდან რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. კაშხლის დაზიანებით დიდი ტერიტორია დაიტბორება, რაც სავარაუდოდ ხერსონის გარშემო ნგრევებს გამოიწვევს. 

კერძოდ, 24 ოქტომბერს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, სადგურს 19-დან 3 რაკეტა მოხვდა. 

მანამდე უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. 

21 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებს ჰიდროელექტროსადგური უკვე დანაღმული ჰქონდათ.

ომის კვლევის ინსტიტუტი 19 ოქტომბრის ანგარიშში წერდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკან დახევის გადასაფარად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს.

18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.  სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

კომენტარები