ე.წ. ციანიდის საქმე

დავით ჯანდიერი: საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე

"საუკუნის პროცესი მოვიგე" - ადვოკატი, დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

"ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები". - წერს ადვოკატი. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლო საქართველოს მთავრობას აკისრებს, რომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი გადაუხადოს.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. ხაზგასმულია, რომ დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ დარღვევების დადგენა საკმარისია იმისთვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზარალი ანაზღაურდეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დააკისრა დეკანოზ მამალაძეს მომდევნო 3 თვეში გადაუხადოს  9 418 ლარის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნახსენები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. 

მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში წერია:

"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს".

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში კი ვკითხულობთ:

"ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად".


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

3 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო. 

"მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას". – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.

კომენტარები