ნიკა გვარამიას საქმე

პროკურატურა გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს

ზვიად გუბელაძე

პროკურატურა რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა. 

სასამართლომ ძალაში დატოვა კახაბერ დამენიას მიმართ საქალაქოს გადაწყვეტილება. ასევე ძალაში დარჩა ზურაბ იაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება. 

პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით სამივე პირი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი და ამ მტკიცებულებებს უზენაესში წარადგენს. 

"სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვითა და სტანდარტით ადასტურებს სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში".- ამბობს პროკურორი ზვიად გუბელაძე. 

გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარეც. ნიკა გვარამიას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება პოლიტიკურია და "ბოლომდე იბრძოლებენ". 


16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები