თხილის სუბსიდირება

ღარიბაშვილი: ვიწყებთ თხილის მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირებას – 20 მლნ-ს გამოვყოფთ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ფერმერებისთვის თხილის მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირებას იწყებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ფაროსანას ნეგატიური ეფექტი "ჯერ კიდევ არის სახეზე წარმოდგენილი", ხოლო მთავრობა თხილის სექტორის სუბსიდირებისთვის, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს დახარჯავს.

"მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის სახეზე წარმოდგენილი. თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია თხილის წარმოების ძალიან დიდი კლება. წელსაც მოგეხსენებათ, რომ მაინც და მაინც კარგი თხილის მოსავალი არ იყო, ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული. ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასი დაკლებულია მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს, ფიზიკურ პირებს დავეხმაროთ მაქსიმალურად.

პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს". – თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი "ღვინის დღეებზე", 9 ოქტომბერი

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ ქვეყანაში უკვე "წარმატებით დასრულდა" რთველიც და თხილის სექტორსაც ისევე უნდა დაეხმაროს მთავრობა, როგორც მევენახეებს.

სახელმწიფომ 2022 წლის რთველის სუბსიდირებაში ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი დახარჯა. რთველზე საუბრისას ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლება მევენახეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართული კომპანიების რაოდენობა და მათი მოგება გაიზარდა.

კომენტარები