რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: უკრაინაში ბირთვული იერიში არ გვჭირდება

ვლადიმირ პუტინი

საერთაშორისო კლუბი ვალდაის პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში ბირთვული დარტყმა არ სჭირდება.

მისი მტკიცებით უკრაინას სურს, რომ რუსეთს ბირთვული თავდასხმა დააბრალოს. 

"ჩვენ ხომ შემთხვევით არ გამოგვიქვეყნებია სპეცსამსახურების მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინციდენტს გეგმავენ ე.წ. ბინძრი ბომბით, ეს ხომ მარტივი გასაკეთებელია. ისიც ვიცით, თუ ზუსტად სად ხდება ეს. ბირთვული საწვავის ნარჩენები გადაამუშავეს, უკრაინის მფლობელობაშ მყოფი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა, დატვირთვადნენ Точка-У-ს, ან რამე სხვას, სადღაც ააფეთქებდნენ ამ მოწყობილობას და იტყოდნენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, ბირთვული იერიში მიიტანა. მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება არ გვჭირდება, ამას ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს – არც პოლიტიკური, არც სამხედრო". – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ინიციატივით არასდროს ულაპარაკია და მხოლოდ დასავლეთის ლიდერებს "მინიშნებებით" პასუხობდნენ.

"ჩვენ, ინიციატიურად, ხომ არასდროს გვისაუბრია რუსეთის  მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, არამედ მხოლოდ მინიშნებებით ვპასუხობდით იმ განცხადებებს, რომელთაც დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აკეთებდნენ". – თქვა პუტინმა.

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ. ეს სიტყვები Bloomberg-თან საუბარში გაიმეორა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რუსეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

კიევის მოთხოვნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც, რუსეთის ბრალდებით, უკრაინა "ბინძურ ბომბებზე" მუშაობს, ინსპექტორებს შესამოწმებლად გაგზავნის.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე "ბინძური ბომბის" საკითხის განხილვას აპირებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი ძალები მზად არიან რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში სამუშაოდ.

პენტაგონი რუსეთს აფრთხილებს, რომ ბინძური ბომბის და ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევას შედეგები მოჰყვება.

კომენტარები