რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: ჩვენი ძალები მზად არიან რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში სამუშაოდ

რუსი სამხედრო წვრთნებზე.
РИА Новости / საიდ ცარნაევი

24 ოქტომბერს რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ძალები და საშუალებები რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში მუშაობის მზადყოფნაში მოიყვანა.

"თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შესაძლო პროვოკაციების საპასუხო ქმედებებზე იმუშავა: ძალები და საშუალებები მზად არიან დავალებები რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში შეასრულონ". – თქვა კირილოვმა. 

ამას გარდა, კირილოვის მტკიცებით, უკრაინას "ბინძური ბომბის" გამოყენებით სურს "ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება, ევროპაში დევნილების ნაკადის გაზრდა და რუსეთის ფედერაციის ბირთვულ ტერორისტ სახელმწიფოდ გამოყვანა". 

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რისეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

კიევის მოთხოვნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც, რუსეთის ბრალდებით, უკრაინა "ბინძურ ბომბებზე" მუშაობს, ინსპექტორებს შესამოწმებლად გაგზავნის.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე "ბინძური ბომბის" საკითხის განხილვას აპირებენ.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ კუსტარულად დამზადებულ დაბალი სიმძლავრის ბირთვულ იარაღს.

კომენტარები